English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ჩვენი იუბილარი

პროფესორი იური ანანიშვილი –70

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, იური ანანიაშვილს, რომლის   სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობა უნივერსიტეტში  42 წელს ითვლის, 70 წელი შეუსრულდა.

იური ანანიაშვილი დაიბადა 1951 წლის 6 მარტს ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში. მან 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა  კოთელიის საშუალო სკოლა. იმავე წელს წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწავლობდა  ჯერ ეკონომიკის,  შემდეგ კი - საინჟინრო-ეკონო­მიკის ფაკულტეტზე. სპეციალობად აირჩია იმ დროისათვის სრულიად ახალი მიმართულება  - „ეკონომიკური კიბერნეტიკა“, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია. 

თსუ-ში სწავლის პერიოდში იური ანანიაშვილი, როგორც წარჩინებული სტუდენტი, ერთი სემესტრით, წინასადიპლომო პრაქტიკის გასავლელად და სადიპლომო ნაშრომის მოსამზადებლად,  მიავლინეს მოსკოვის ცენტრალურ ეკონომი­კურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (ЦЭМИ).  იქ სწავლის პერიოდში   სადიპლომო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ცნობილმა პროფესორმა ე. ბარანოვმა მას  შესთავაზა, თსუ-ს დამთავრების შემდეგ,  სწავლა გაეგრძელებინა აღნიშნული ინსტიტუტის ასპირანტურაში. ეს შეთავა­ზება სრულად შეესაბამებოდა იური ანანიაშვილის მისწრაფებებს და  1974-1978 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვში, ЦЭМИ-ის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდი­დატის  ხარისხის მოსაპოვებლად.  

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იური ანანიაშვილი  დაბრუნდა მშობლიურ უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრაზე, ჯერ ასისტენტის (1978-81 წლები), შემდეგ კი დოცენტის  (1981-1998 წლები)  თანამდებობაზე. 1998 წელს  მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “აგრეგირებული დარგთაშორისი კავშირების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება”.  1999 წლიდან მოყოლებული იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ხოლო 2006 წლიდან  ხელმძღვანელობს ეკონომეტრიკის კათედრას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მისი ლექცია–სემინარები სტუდენტთა შორის ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.

პროფ. ი. ანანიაშვილის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ეკონომიკის მათემატიკური მოდელირება და  მაკროეკონომიკის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს  90-დე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  3 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წელის სახელმწიფო პრემია ნაშრომთა ციკლისთვის: “მაკროე­კონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“, ასევე არის ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სამეცნიერო ფორუმის გამარ­ჯვე­ბული ნაშრომისთვის: “არადაკვირვებადი  მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისა და ანალიზის მოდელები”.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფ. იური ანანიაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ივანე ჯავახიშვილის მედლით.

პროფ. იური ანანიაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ვულოცავთ პროფესორ იური ანანიშვილს სახელოვან იუბილეს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ჟურნალ „ეკონომკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია